ქალმეტმა და გუერინმა აღმოაჩინეს ბისიჯი ვაქცინა ხარის ტუბერკულოზის ჩხირის (230 კულტურიდან მიღებული) დასუსტების შედეგად 1908-1921 წლებში. დღესდღეობით ბისიჯი ვაქცინა მიიღება დანიური 1331 ლიოფილიზირებული ფორმის შტამისგან. ეს არის ცოცხალი დასუსტებული ვაქცინა (WHO 1997). მისი შეყვანა ხდება მარცხენა მკლავში დელტისებური კუნთის მიმაგრების ადგილას, ბავშვებში 0.1 მლ დოზით. დამაკმაყოფილებელმა ინექციამ უნდა გამოიწვიოს 5 მმ დიამეტრის შესიება. თუ ნანემსარის ადგილას ნაწიბური არ წარმოიქმნა 6 თვის შემდეგაც ბისიჯის მეორე დოზის შეყვანაა აუცილებელი. ბისიჯი ვაქცინაციის თაობაზე WHO-ს პოლიტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც მაღალია ტუბერკულოზის პრევალენტობა, ბისიჯი უნდა გაუკეთდეს ყველა ბავშვს, გარდა აივ/შიდსის სიმპტომების მქონე ბავშვებისა. ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის პრევალენტობა დაბალია, ბისიჯი იმუნიზაცია არ არის აუცილებელია აივ-ინფიცირებულ ბავშვებში (WHO 1997). 14 პროსპექტული კვლევის მონაცემთა და ბისიჯი ეფექტურობის თაობაზე 12 შემთხვევა-კონტროლის კვლევის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბისიჯი ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ტუბერკულოზის რისკს საშუალოდ 50%-ით. ბისიჯი ვაქცინაცია დაკავშირებულია ფილტვის ტუბერკულოზის და ფილტვის გარეთ ამ დაავადების განვითარების მნიშვნელოვან დაქვეითებასთან. ბისიჯი ვაქცინირებულ პირებს შორის სიკვდილიანობის კომბინირებული შედარებითი რისკი იყო 0.29. ბისიჯი ვაქცინას აქვს 71% დამცავი ეფექტი ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ (Brewer 2000).
წყარო: Dictionary of Public Health - Georgian; db190105/r200912 © 2019 Giorgi Pkhakadze, School of Public Health, David Tvildiani Medical University.